აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ დაიწყო ქ. ქობულეთში საფეხბურთო სტადიონის „ჩელე-არენას“ ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მინდვრის დამუშავება. უკვე დამხმარე მოედანზე არსებული ხელოვნური საფარი აღებულია და ხორციელდება ძირითად სტადიონზე არსებული ბუნებრივი საფარის აღება. აღებული გრუნტის ტერიტორიიდან გატანის შემდეგ მოეწყობა ახალი სადრენაჟე სისტემა და დაიგება ხელოვნური საფარი.
პროექტის თანახმად „ჩელე-არენას“ ევროსტანდარტების დაცვით მოეწყობა. სრულად განახლდება ძირითადი საფეხბურთო მოედანი, ღია სპორტული მოედანი მცირე და საშუალო ასაკის ბავშვებისთვის. დაიდგმება ელექტრონული ტაბლო, განახლდება ტრიბუნები, შეიცვლება სკამები. მინდორზე დაიგება ხელოვნური ლატექსით დამუშავებული წყალგამტარი საფარი და მოწესრიგდება ყველა შიდა და გარე საკომუნიკაციო საშუალებები, სანიაღვრე და ელექტრო სისტემა.
სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.