თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროგრამის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში შესყიდულია 127 ბინა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 12 187 747.47 ლარი.

როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2017 წლიდან დღემდე ფართები, ჯამში, 3 010 ოჯახს დაუკანონდა.

„2022 წელს დავიწყეთ უპრეცედენტო პროგრამა უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემა-სარგებლობის უფლებით. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შევისყიდეთ: 2022 წელს 56 ბინა, 2023 წელს 38 ბინა, 2024 წელს 33 ბინა. სწორედ ამ მიზნით, თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო  2022 წელს - 4 900 218.27 ლარი, 2023 წელს - 3 259 295.10 ლარი, 2024 წელს - 4 028 234.10 ლარი. ჯამურად, სამი წლის განმავლობაში შესყიდულია 127 ბინა, თბილისის ბიუჯეტიდან კი დახარჯულია 12 187 747.47 ლარი. მიუხედავად განხორციელებული პროექტისა, დედაქალაქში უსახლკარო ოჯახები კვლავ რჩება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. ჩვენი მიზანია, თბილისში არცერთი უსახლკარო ოჯახი არ გვყავდეს და ყველას ჰქონდეს თავისი საცხოვრისი. გარდა ამისა, 2024 წელს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 204 ოჯახს. 2017 წლიდან დღემდე კი, რაც ეს პროგრამა წამოვიწყეთ, უამრავი ოჯახი გავახარეთ. ჯამში, საცხოვრებელი ფართი 3 010 ოჯახს დაუკანონდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო და უკვე 18 606 განაცხადზეა თანხმობა გაცემული.

„2023 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც სრულდება მიმდინარე წლის ბოლოს. აღნიშნული პროექტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 8 მილიონი ლარი. შეირჩა 12 გეოგრაფიული არეალი, 27 000 მომართვიანობა იყო აღიარებაზე. გვინდა, რომ ამ ოჯახებისთვის სრულად მოხდეს მიწების დაკანონება. დღეის მდგომარეობით, თანხმობა გაცემულია 18 606 სარეგისტრაციო წარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს ფართებით 390 პირი დაკმაყოფილდა.

„2024 წელს თბილისის მერიამ დაიწყო 5 ახალი სამშენებლო პროექტი (გამოცხადდა 5 ინტერესთა გამოხატვა) კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით. მიმდინარე წელს ფართებით დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული 390 პირი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, კოოპერატივის წევრებისთვის გადაცემული/გადასაცემი ფართის ჯამური ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 40 900 კვ. მეტრს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში ათვისებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

კახა კალაძის განცხადებით, პირველ საპილოტე პროექტში, რომელიც ვარკეთილის დასახლებაში ხორციელდება, გარემონტებული ბინები გადაეცა 36 ოჯახს, დაპირებისამებრ, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კიდევ სამ მისამართზე: კალოუბნის ქუჩა N18; ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტალი, მე-6 კორპუსი; გამრეკელის I შესახვევი N6.

„აღნიშნული მიმართულებით მუშაობას მომავალი წლიდანაც გავაგრძელებთ. სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყება შემდეგ მისამართებზე: სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩა N38; ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩა N50ა; ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის N47; ნაძალადევის რაიონში, მუხრანის N9ბ და მუხრანის N9გ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.