ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს კიოლნი - თბილისი - კიოლნის საჰაერო ხაზზე. 

„გერმანია ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ბაზარია და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დამატებითი ავიაკავშირის ქონა, კიოლნი კი ახალი საჰაერო ხაზია, რომელიც გერმანიასთან გვაკავშირებს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. 

ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირება 2021 წელს დაიწყო. ახალ, კიოლნი - თბილისი - კიოლნის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ფრენებს 2 ივლისიდან 22 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შეასრულებს. Eurowings-ი ავიარეისებს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახროციელებს.

როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება გერმანელი ტურისტების რაოდენობა და ამ მიმართულებით გერმანია ქვეყნების ტოპ-ათეულშიც შედის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ გერმანიის მიმართულებით ახალი საჰაერო ხაზი ხელს შეუწობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე საქმიანი კონტაქტების შემდგომ განვითარებას.

„უმნიშვნელოვანესია საჰაერო ხაზების დამატება იმისთვის, რომ დაკავშირებადობა გაიზარდოს არამარტო გერმანიასთან, არამედ ზოგადად ევროკავშირთან - კიოლნის აეროპორტი მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია, რომელიც თბილისთან სხვა მიმართულებების დაკავშირებადობასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.