ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა გედეკ მაჰმუთმა მოაწერეს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. კონტრაქტის ღირებულება 54 მილიონ ევრომდეა.
სამუშაოების შესრულების ვადა 3 წელია. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით განსაზღვრულია 1-წლიანი დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.
წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას, ჩამდინარე წყლების თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურება.
ქუთაისში ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბებას.
გარდა ამისა, ქალაქ ქუთაისში წყალარინების სისტემების განახლება ეტაპობრივად, რამდენიმე ფაზად განხორციელდება. აღნიშნული მიმართულებით პირველი ფაზის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას.

