საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 27 980.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის III კვარტალში 4.7 პროცენტით განისაზღვრა.


2025 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1 პროცენტი), განათლება (20.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.1 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (13.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3.0 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-3.3 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-8.7 პროცენტი).

