პარლამენტში მთავრობიდან შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკლებლივ ყველა დასახელების წამალზე ფასების ზედა ზღვრის დაწესებას. ეს არის სრული უგუნურობა. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"პარლამენტში მთავრობიდან შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკლებლივ ყველა დასახელების წამალზე ფასების ზედა ზღვრის დაწესებას. ეს არის სრული უგუნურობა. ეს პროცესი დამთავრდება კრახით, ისევე როგორც რეცეპტების ისტორია, ვინაიდან ათასობით დასახელების მედიკამენტზე ფასების კონტროლი შეუძლებელია. ეს ავანტურა გამოიწვევს წამლების ხარისხის გაუარესებას, მის დეფიციტს, ჩრდილოვანი ბრუნვის წარმოშობას, ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების ვარდნას.
ფიქსირებული ფასების შემოღების მოტივი არის წამლებზე ხელმისაწვდომობის ზრდა დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის, სინამდვილეში კი ეს არის მხარდაჭერა მდიდრებისთვის ბიზნესისა და ბიუჯეტის ხარჯზე.
ქვეყანა ბრუნდება ოცდაათი წლით უკან. ეს კანონი გასაუქმებელი გახდება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, თავის მავნე და შეიძლება გამოუსწორებელ ზემოქმედების მოხდენას მოასწრებს.
ფასების კონტროლს სჭირდება ან საბჭოური ტიპის რეპრესიული აპარატი ან დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში სოციალისტური გავლენით ათეული წლების განმავლობაში ფორმირებული კონტროლის მექანიზმები. ჩვენთან პირველი შეუძლებელია, მეორე კი მიუღწეველია ბევრ გარემოებათა გამო. ქვეყანაში ამჟამად მოქმედი საბაზრო მექანიზმი არის საუკეთესო და ამ სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესება ანტიმონოპოლოპოლიური ბერკეტებითაც იყო შესაძლებელი.
ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის ისეთი ფუნდამენტსაც მისწვდა, როგორიც თავისუფალი ფასწარმოქმნაა."