Block Stone Capital-ის დამფუძნებლისა და Blox Group-ის თანადამფუძნებლის, ლაშა კვაჭაძის განცხადებით, მისთვის და მისი ჰოლდინგისთვის საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის Trump Tower Tbilisi-ის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესი დაიწყო.
“ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის, Trump Tower Tbilisi-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი.
დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს”- წერს ლაშა კვაჭაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში 2026 წლის 15 სექტემბერს გაიმართა. პროექტი მასშტაბური Downtown Tbilisi-ის განვითარების ნაწილია და The Trump Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება. მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, The Sapir Organization პროექტში თანადეველოპერის სტატუსით მონაწილეობს, ხოლო ინვესტორებს შორის არიან Block Stone Capital, Finvest და Vector Group.
Trump Tower Tbilisi რეგიონში Trump-ის ბრენდის პირველი პროექტია. კოშკი დაახლოებით 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი იქნება. ის Downtown Tbilisi-ის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროექტის მთავარი არქიტექტურული ობიექტი გახდება. პროექტი თბილისის ცენტრალურ პარკთან, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ვითარდება.
ლაშა კვაჭაძე Blox Group-ის თანადამფუძნებელია. ჯგუფის საქმიანობა მოიცავს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებს, ხოლო მისი დეველოპერული პორტფელი დასრულებულ და მიმდინარე პროექტებში ჯამურად 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს აერთიანებს.