Bloomberg წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების ფონზე, ევრო გლობალურ ბაზარზე აშშ დოლარის, როგორც სანდო ვალუტის, ალტერნატივად იკვეთება. გამოცემის მიხედვით, სავალუტო ბაზარზე არსებობს მოლოდინი, რომ ევროს გაცვლითი კურსი გამყარდება.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ტრამპის ტარიფების გამო შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობისა და დოლარის უსაფრთხო საინვესტიციო ვალუტის როლის შესახებ მზარდი ეჭვების ფონზე, ევროს სავალუტო კურსმა გასული კვირის ბოლოს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მყარ წერტილს მიაღწია და ვალუტებს შორის ე.წ. "უსაფრთხო თავშესაფრად" იკვეთება. გამოცემა ასევე წერს, რომ ინვესტორებმა ტარიფების ფონზე გლობალურ საფინანსო სისტემაში დოლარის როლის გადაფასება დაიწყეს.
როგორც Bloomberg ასევე წერს, გამოცემის ფორექსის გამოკითხვის 51 რესპონდენტისგან არცერთი არ მოელის, რომ ევროს კურსი წელს $1.15-ს ასცდება. მიუხედავად ამისა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ რიგი მოვაჭრეებისა და ექსპერტების თქმით, ევროს გაცვლითმა კურსმა შესაძლოა მომდევნო თვეებში $1.20-ს მიაღწიოს, რაც 2021 წლის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. Bloomberg წერს, რომ, ორი ევროპელი მოვაჭრის თქმით, რომლებსაც გამოცემა გაესაუბრა, საინვესტიციო ფონდები მომდევნო 3-იდან 6 თვემდე დროის მონაკვეთისთვის ევროს სამიზნე კურსად $1.20-ს განსაზღვრავენ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "გერმანიის ფინანსთა მინისტრმა პარასკევს თქვა, რომ მთავრობებმა ეს შანსი უნდა გამოიყენონ, რათა ევროს გლობალურ ვაჭრობაში მეტი წონა შემატონ".
გამოცემის თანახმად, ევროს გამყარებას რამდენიმე სტრუქტურული ფაქტორი განაპირობებს. ერთი მხრივ, Bloomberg ხაზს უსვამს გერმანიის მხრიდან მთავრობისთვის ვალების აღების წესის ცვლილებას, რაც, როგორც გამოცემა წერს, გლობალური სიტუაციის გაუარესების შემთხვევისთვის ევროზონის დაცვის გამაძლიერებელ ნაბიჯად აღიქმება. მეორე მხრივ, Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ ტარიფები აშშ-სთან ევროპის სავაჭრო ბალანსის დადებით სალდოს შეამცირებს, რაც დოლარს გამყარებისკენ უბიძგებს.
გარდა ამისა, გამოცემა ზოგიერთ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ ევრო სწორხაზოვნად არ გამყარდება და ეს პროცესი გრძელვადიანია.