რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, აშშ-ის შუამავლობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში 10 და 11 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სამშაბათს, 3 ნოემბერს განაცხადა.

"დისკუსიები ფოკუსირებული იქნება ომის შემდგომი უსაფრთხოების, დეესკალაციის, ჰუმანიტარული ინიციატივებისა და მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე", - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში. უიტკოფმა დააზუსტა, რომ მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფების დონეზე გაიმართება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში.

სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ამ კვირაში ამერიკელი მომლაპარაკებლები ბრიუსელში ასევე შეხვდებიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ევროპის ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის აღდგენის ეკონომიკური მხარდაჭერის შესაძლებლობებს.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განვამტკიცებთ კიევში, ოსლოში და სანქტ-პეტერბურგში მიღწეულ პროგრესს ყოვლისმომცველი და მყარი სამშვიდობო შეთანხმების გზაზე, რომელიც მომავალი თაობებისთვის გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა უიტკოფმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და მხარეებს შორის დიპლომატიური დიალოგის უზრუნველყოფის მიმართულებით. კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან სხვადასხვა პლატფორმაზე პერიოდულად იმართება.