გერმანია გათბობის სეზონს გაზსაცავების შევსების შედარებით დაბალი დონით იწყებს. ამის შესახებ სააგენტო dpa იტყობინება.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, 1 ნოემბრისთვის გაზსაცავების შევსების დონეს 70%-ისთვის უნდა მიეღწია. თუმცა, ევროპული პლატფორმა AGSI-ის მონაცემებით, რომელიც ენერგეტიკული ბაზრის მდგომარეობის შესახებ საკვანძო ინფორმაციას ასახავს, გერმანული გაზსაცავები დაახლოებით 61,2%-ითაა შევსებული.
მიუხედავად ამისა, გერმანიის ეკონომიკის ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა, რომ კანონით დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობის მიუხედავად, მომავალი ზამთრისთვის გერმანიის გაზმომარაგება საცავების შევსების ამჟამინდელი დონის პირობებშიც გარანტირებულია.
როგორც dpa აღნიშნავს, კანონი არ ითვალისწინებს სანქციებს გაზსაცავების შევსების ნორმატივების შეუსრულებლობისთვის. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამჟამად გაზი გერმანიაში უპირველესად ნორვეგიიდან მილსადენებით, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალების გავლით, ასევე მეზობელი ევროპული ქვეყნებიდან შედის.
LNG-ის იმპორტის სიმძლავრეების წყალობით, ქვეყანას მთელი გათბობის სეზონის განმავლობაში, ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მსოფლიო ბაზარზე გაზის დამატებითი მოცულობების შეძენა.
ტრადიციულად, საბითუმო მიმწოდებლები ბუნებრივ აირს ზაფხულში შედარებით დაბალ ფასად ყიდულობენ, წერს dpa. შემდეგ გაზს საცავებში ტუმბავენ, საიდანაც მას ზამთარში მოგებით ყიდიან, რითაც შენახვის ხარჯებს ფარავენ. მიუხედავად ამისა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომმა გაზზე საბითუმო ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც საცავებში გაზის ჩატუმბვა მიმწოდებლებისთვის ეკონომიკურად ნაკლებად მოგებიანი გახადა.
სააგენტოს მონაცემებით, გაზსაცავებისთვის არსებული ნორმატივები ძალაშია 2027 წლის 31 მარტამდე. შემდეგ მათ აღარ გაახანგრძლივებენ - ქვეყნის ხელისუფლება გაზის ეროვნული რეზერვის შექმნას გეგმავს. მისი ფორმირება მომდევნო გათბობის სეზონისთვის დაიწყება და რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.