საფრანგეთის ხელისუფლება რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლებთან ბინადრობის ნებართვის არმქონე ავღანელი მიგრანტების ნაწილის ავღანეთში დაბრუნების თაობაზე ტექნიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ავღანელების გარკვეული ნაწილის დაბრუნების შესაძლებლობას. ეს ტექნიკური განხილვებია", — ციტირებს სააგენტო AFP ნუნიესის სიტყვებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ თალიბებთან მსგავს კონტაქტებს სხვა ევროპული ქვეყნები, მათ შორის, გერმანიაც ინარჩუნებს.
საფრანგეთი ოფიციალურად არ აღიარებს 2021 წელს მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩამოყალიბებულ "თალიბანის" მთავრობას და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. თუმცა, როგორც AFP აღნიშნავს, ქვეყანა შედის ევროკავშირის დაახლოებით 20 სახელმწიფოს (მათ შორის გერმანიის, ბელგიისა და შვედეთის) ჯგუფში, რომლებიც ავღანეთის მოქალაქეების, უპირველეს ყოვლისა კი, დანაშაულისთვის მსჯავრდადებულების დაბრუნების დაჩქარებას ცდილობენ.
ნუნიესის თქმით, საფრანგეთში მყოფი ავღანელების ნაწილმა შესაძლოა, საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეუქმნას, ამიტომ მათი დეპორტაცია ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ავღანეთის სათავეში დაბრუნების შემდეგ, "თალიბანმა" ქალებისა და გოგონებისთვის რიგი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის, უმრავლესობისთვის აიკრძალა საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მანამდე ქალებისა და გოგონების დევნასთან დაკავშირებული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით მოძრაობის რიგი მაღალჩინოსნების დაკავების ორდერები გასცა.