ოკუპანტების ჯარებმა ორშაბათს საღამოს და სამშაბათს, 27 ოქტომბრის ღამით, კიევს ბალისტიკური რაკეტებით მორიგ ჯერზე შეუტიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები ბრიანსკიდან გაუშვეს. დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Telegram-ში მინიმუმ ერთი დაღუპულისა და 10 დაშავებულის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მედიკოსებმა 9 დაშავებულის ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე კიევში, მდინარე დნიპროზე მდებარე ერთ-ერთი საკვანძო ხიდი — "სამხრეთის ხიდი" აღმოჩნდა. გადასასვლელი და მასზე არსებული მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხიდზე მოძრაობა სრულად შეჩერდა, ასევე შეიზღუდა მეტროპოლიტენის წითელი და მწვანე ხაზების მუშაობა.

მანამდე "სამხრეთის ხიდი" ოკუპანტების დარტყმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ბოლოს ეს 22 ოქტომბერს მოხდა. ოკუპანტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდასხმებს ადასტურებდნენ და ამართლებდნენ იმით, თითქოს კიევში გადასასვლელი "დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების ინტერესებისთვის ჯარების გადასროლასა და სამხედრო ტვირთების ლოგისტიკურ მიწოდებას" უზრუნველყოფს.

წინა განცხადებებში კლიჩკო წერდა ქალაქის ორ რაიონზე ოკუპანტების თავდასხმების შესახებ. დესნიანსკის რაიონში დარტყმა ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარედ და ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან განხორციელდა, დნიპროვსკის რაიონში კი — არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე მდებარე შენობაზე. ამ რაიონში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ორ განყოფილებაში ფანჯრები ჩაიმსხვრა. მერის ცნობით, პაციენტები და სამედიცინო პერსონალი არ დაშავებულან.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დესნიანსკის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, შიგნით, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ ბლოკირებული.

რამდენიმე საათით ადრე, ოკუპანტების ჯარებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით ხარკოვზეც მიიტანეს იერიში. "ნოვობავარსკის რაიონის დაბომბვის შედეგად უკვე ორი დაღუპული და ოთხი დაშავებულია. დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო სახლები, ასევე ავტომობილები", — დაწერა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა Telegram-ში.