ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონე რუსეთის ფედერაციის მასშტაბით 12.6%-მდე შემცირდა, რაც ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შემსუბუქების საშუალებას იძლევა. ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება მშპ-ის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში მშპ-ის ვარდნის მაჩვენებელი 4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4.4%-ითაა შემცირებული.

საერთო ჯამში, წლის ბოლოსთვის სამინისტრო მშპ-ის მოცულობის 2.9%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რაც წლის დასაწყისში პროგნოზირებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით გაცილებით უარესი მაჩვენებელია, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ ომის დაწყების შემდეგ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

ოფიციალური უწყების განმარტებით, ეკონომიკის შემცირების მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და "ნაწილობრივი მობილიზაციაა", რომელზეც დიდი რაოდენობით მატერიალური და ადამიანური რესურსები იხარჯება.