აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი შვილი, ჰანტერ ბაიდენი, შეიწყალა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ფედერალური სასამართლოს ნაფიც მსაჯულებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებული ბრალდების სამივე მუხლით დამნაშავედ ცნეს.
"დღეს ხელი მოვაწერე ჩემი ვაჟის, ჰანტერის, შეწყალებას. იმ დღიდან, როდესაც თანამდებობა დავიკავე, მე ვამბობდი, რომ არ ჩავერეოდი იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების მიღებაში, და ეს სიტყვა შევასრულე მაშინაც, როცა ვუყურებდი, როგორ მიმდინარეობდა ჩემი ვაჟის წინააღმდეგ შერჩევითი და უსამართლო დევნა". - წერს ჯო ბაიდენი გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, ნოემბრის თვეში, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი თავისი შვილის შეწყალებას არ აპირებდა.
ბაიდენის თქმით, "დამამძიმებელი ფაქტორების გარეშე, როგორიცაა დანაშაულში გამოყენება, მრავალჯერადი შესყიდვა ან იარაღის შეძენა სხვა ადამიანის მაგივრად, ადამიანებს თითქმის არასდროს ასამართლებენ სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებებით მხოლოდ იმისთვის, თუ როგორ შეავსეს მათ იარაღის [შეძენის] დოკუმენტი".
"მათი საქმე, ვინც გვიან გადაიხადა გადასახადები სერიოზული დამოკიდებულების გამო, მაგრამ მოგვიანებით მაინც გადაიხადა პროცენტითა და ჯარიმებით, როგორც წესი არადანაშაულებრივად მთავრდება. აშკარაა, რომ ჰანტერს განსხვავებულად მოეპყრნენ". - წერია ბაიდენის განცხადებაში.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განცხადების ბოლოში წერს, რომ მას "სასამართლო სისტემის სჯერა", მაგრამ მას ასევე სჯერა, "რომ ნედლმა პოლიტიკამ ამ პროცესის დასნეულება გამოიწვია და სამართლის არასწორი გატარება მოჰყვა - და როდესაც ეს გადაწყვეტილება ამ უქმეებზე მივიღე, აზრი აღარ ჰქონდა მის კიდევ გადადებას. იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, რატომ მივიდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებამდე".
ჰანტერ ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ფედერალური კანონმდებლობის სამი მუხლის დარღვევაში დაუმტკიცდა, რადგან მან იარაღის შესყიდვის პროცესში შესავსებ ფორმაში არალეგალურად მონიშნა, რომ იგი ნარკოტიკების მომხმარებელი არ იყო, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული. ნაფიც მსაჯულებმა განაჩენი სამსაათიანი თათბირის შემდეგ გამოიტანეს. დამტკიცებული სამი ბრალდებიდან ორი თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 10 წლით აღკვეთას ითვალისწინებდა, მესამე - არაუმეტეს 5 წლით.
ამას გარდა, 5 სექტემბერს ჰანტერ ბაიდენმა ფედერალურ საგადასახადო საქმეში ცხრავე ბრალდება აღიარა. ბაიდენის შვილს ბრალად სისხლის სამართლის სამი დანაშაული ედებოდა, მათ შორის, გადასახედებისგან თავის არიდებასა და თაღლითური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაში.
სასამართლოს ჰანტერ ბაიდენისთვის ორივე საქმეში განაჩენის გამოტანა, შესაბამისად, 12 დეკემბერსა და 16 დეკემბერს იყო დაგეგმილი.