„მიმდინარე წლის პირველი 4 თვე საქართველოს ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მილიონ 200 ათასამდე მგზავრს მოემსახურა, რაც 13 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია, ეს მონაცემი არის ისტორიული მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.  

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე გაზრდილია საქართველოს აეროპორტებში შესრულებული რეისების რაოდენობაც და ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა.

„ეს დასტურია იმისა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება. მიმდინარე წელს ჩვენს ავიაბაზარს ოთხი ახალი ავიაკომპანია (ბრიტიშ ეარვეისი, იზიჯეტი, ედელვაისი და ტრანსავია - ფრანსი) შემოემატა. ეს ნიშნავს გაზრდილ სიხშირეებს, წვდომას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც განაპირობებს მგზავრთნაკადისა და ტურისტული ნაკადების ზრდას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოლაპარაკებებს სტრატეგიულ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა ვიხილოთ მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორში,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვა ავიაკომპანია „ეარ სერბია“, რომელიც რეგულარული ფრენების შესრულებას თბილისისა და ბელრადის მიმართულებით დაიწყებს. „ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დარგების - ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.