ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დეპარტამენტის (KaPo) ინიციატივით, რუსეთის მოქალაქე ლეონიდ კარაბეშკინი ქვეყნიდან გააძევეს და მას შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ KaPo-მ მიკრობლოგ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.
"გაძევების მიზანია ესტონეთისთვის და, ფართო გაგებით, ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის პრევენცია და ამგვარი ქმედებების აღკვეთა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უსაფრთხოების პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარტა ტუულმა ონლაინ გამოცემა ERR-ს განუცხადა, რომ კარაბეშკინი კავშირს ინარჩუნებდა რუსულ სპეცსამსახურებთან და მათ ინტერესებში მოქმედ პირებთან. "ის რეგულარულად ჩადიოდა რუსეთში და მათ იქ ხვდებოდა. ზოგიერთი მათგანი ევროკავშირისა და უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, იგი დაკავშირებულია ისეთ გავლენის ქსელებთან, როგორებიცაა CIRP, RuBaltic და Regnum, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებთან", - ციტირებს გამოცემა ტუულის სიტყვებს.
"რაც შეეხება Regnum-ს, საუბარია სერგეი რეკედასა და სერგეი რუდნოვზე. ეს უკანასკნელი ასევე შეყვანილია დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის სანქცირებულთა სიებში. CIRP რუსეთის საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ცენტრია. კარაბეშკინი იქ პროექტების ხელმძღვანელად მუშაობდა და ამ ცენტრის ღონისძიებებში რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) დაკავშირებული არაერთი პირი მონაწილეობდა", - განმარტა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ლეონიდ კარაბეშკინის გაძევების საკითხზე კომენტირებისას მიკრობლოგ X-ზე ხაზგასმით აღნიშნა: "ესტონეთი თვალს არ დახუჭავს ჩვენი ან ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზე. ადამიანებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან და მტრული გავლენის მქონე ქსელებთან, არ მიეცემათ ჩვენი ღიაობით ბოროტად სარგებლობის უფლება".