პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთის კალინინგრადის ოლქთან მოსაზღვრე რაიონებში სპეციალური ოპერაცია დაიწყო, რაც შესაძლო დივერსიების შესახებ დაზვერვის გაფრთხილებებს მოჰყვა. ამის შესახებ პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, მარეკ ბორონმა რადიოსადგურ RMF FM-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას ხელისუფლებამ პოლონეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურისა და მოკავშირე სახელმწიფოების სპეცსამსახურებისგან მიიღო გაფრთხილებები "რუსეთთან საზღვარზე შესაძლო სადივერსიო ქმედებების შესახებ". კერძოდ, საუბარია საზღვარზე შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევის სავარაუდო მცდელობებზე.
ოპერაცია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვარმინია-მაზურიისა და პოდლასკეს სავოევოდოებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ პოლიცია, არმია, სასაზღვრო სამსახური, სპეცსამსახურები და ანტიტერორისტული დანაყოფები. მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, პოლიციის მთავარ სამმართველოში სპეციალური შტაბი შეიქმნა, ხოლო სასაზღვრო რაიონებში დამატებითი საპოლიციო ძალები გაიგზავნა.
ბორონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებულ ზომებს პრევენციული ხასიათი აქვს. მისი თქმით, ამ მოქმედებების მიზანია სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც შესაძლოა, დივერსიების სამიზნე გახდნენ.
ამასთანავე, მან კატეგორიულად უარყო ვარაუდები იმის შესახებ, თითქოს დამატებითი ძალების მობილიზება პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ არსებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება.