დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატის, ფლავიუ ბოლსონარუსგან განსხვავებით, მისმა პარტიამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში მოქმედი სახელმწიფოს მეთაურის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას წინაშე მარცხი აღიარა.
"ჩვენ ვცნობთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლებიც უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ (TSE) გამოაცხადა", — ნათქვამია ბოლსონარუს მემარჯვენე "ლიბერალური პარტიის" განცხადებაში.
პარტიის ხელმძღვანელობის აზრით, მეორე ტურში ბოლსონარუს მარცხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მთავრობის მიერ მილიონობით მცირეშემოსავლიანი ოჯახისთვის სოციალური დახმარებების გაზრდას უკავშირდება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ამ ზომებმა საარჩევნო პროცესის სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა.
ოფიციალური შედეგების თანახმად, ლულამ, რომელსაც სამშაბათს 81 წელი შეუსრულდა, მეორე ტურში ხმების 51,8% მიიღო და მეოთხე საპრეზიდენტო ვადა გაინაღდა. ბოლსონარუმ ხმების 48,2% მიიღო. მოქმედმა პრეზიდენტმა კონკურენტს თითქმის 4,4 მილიონი ხმით გაუსწრო. ოქტომბრის დასაწყისში გამართულ პირველ ტურში ფლავიუ ბოლსონარუმ მოულოდნელად გაიმარჯვა და მეორე ტურის წინ ჩატარებულ ბოლო გამოკითხვებშიც ლიდერობდა. მეორე ტურის შემდეგ მან დაუყოვნებლივ თქვა უარი მარცხის აღიარებაზე და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა.
ორშაბათს Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბოლსონარუმ განაცხადა, რომ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო ლულას კანდიდატურა ბათილად ცნონ. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლულას მთავრობის ოპოზიციას უხელმძღვანელებს. თუმცა, მეტოქის გამარჯვება მას პირდაპირ მაინც არ უღიარებია.