Bloomberg-ის ცნობით, მოსკოვსა და კიევს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ რუსეთს მოთხოვნას წაუყენებს, პატივი სცეს უკრაინის უფლებას, ჰყავდეს საკუთარი არმია და თავდაცვის ინდუსტრია. გამოცემა ინფორმაციას საკითხზე ინფორმირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რუსეთში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებს. 

როგორც გამოცემა წერს, კიევის მიერ ადეკვატურად შეიარაღებული და მრავალრიცხოვანი არმიის ყოლაზე დათანხმებით, რუსეთი, პრაქტიკულად, უარს იტყვის უკრაინის დემილიტარიზაციის მოთხოვნაზე, რაც პუტინისთვის ომის ერთ-ერთ გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს. 

ამავდროულად, Bloomberg-ის თანახმად, აშშ-ს ზემოხსენებული მოთხოვნა ნიშანია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასრულების მიზნით გარკვეულ დათმობებზე წასვლას, უკრაინასთან ერთად, კრემლისგანაც ელის. 

ტრამპის ადმინისტრაციას ასევე სურს, რომ მოსკოვმა დათმოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელზე კონტროლიც რუსეთმა 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ადრეულ ეტაპზე დაამყარა. ტრამპის ადმინისტრაციის წინადადების თანახმად, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ელექტროსადგური აშშ-ს გადაეცემოდა. 

ამასთან, გამოცემის ცნობით, ვაშინგტონს სურს, უზრუნველყოს, რომ უკრაინას მდინარე დნეპრზე გადასასვლელი ჰქონდეს და რუსეთმა უკრაინას ხარკოვის რეგიონის ოკუპირებული ნაწილი დაუბრუნოს. ამის საპირისპიროდ, პუტინი ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების სრულად რუსეთის ნაწილად აღიარებას მოითხოვს იმის მიუხედავად, რომ რუსებმა ომის დაწყებიდან აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია ვერ მოახერხეს.