ბავარიის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ჰუბერტ აივანგერი ბერლინში გარდაცვლილი იპოვეს. სააგენტო dpa-ს ცნობით, აივანგერი სიტყვით უნდა გამოსულიყო თავისი პარტიის, "თავისუფალი ამომრჩევლები" ბერლინის ოფისის გახსნაზე, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოსვლა გააუქმა, რის შემდეგაც კონტაქტზე აღარ გამოსულა. მოგვიანებით, 55 წლის პოლიტიკოსი ბერლინ-მიტეს რაიონში, ფრიდრიხშტრასეს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Neuer Fritz-ის ნომერში იპოვეს, წერს Bild.

ბერლინის პოლიციამ და პროკურატურამ აივანგერის გარდაცვალების გარემოებებისა და მასში მესამე პირთა შესაძლო მონაწილეობის გამოძიება დაიწყეს. გამოცემა Tagesspiegel საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლინის ხელისუფლება პოლიტიკოსის გარდაცვალებას ბუნებრივ მიზეზებს უკავშირებს.

"ჰუბერტ აივანგერის უეცარი გარდაცვალება ნამდვილი ტრაგედიაა. ყველანი ღრმად შოკირებულები ვართ. ახლა ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში, მის ოჯახთან და შვილებთან არის", — განაცხადა ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზოდერმა სოციალურ ქსელ X-ში.