სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისის“ საგამოფენო სივრცეში ზურა აფხაზის რეტროსპექტული გამოფენაა წარმოდგენილი. „ციური სხეულები“ ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც შავისა და თეთრის უსასრულო კომბინაციებისგან შედგება.
სხვადასხვა დროს შესრულებული თემები და ცალკეული სერიები ერთი პოეტური მოტივით ერთიანდება - დედამიწა მხოლოდ ნაწილია იმ ცნებისა, რასაც ჩვენი სახლი ჰქვია. არტისტის შექმნილი შავ-თეთრი სერია, რომელიც კოსმოსსა და სამყაროს წესრიგს გამოხატავს, ისეთივე იდუმალია, როგორც თავად კოსმოსი.
მედიტაციური შრომით დამუშავებული პიგმენტების სტრუქტურა კი განსაკუთრებული ენერგიით ავსებს ახალსა და შთამბეჭდავ ფორმებს.
ზურა აფხაზი (აფხაზაშვილი)1968 წელს გორში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, რის შემდეგაც უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა. ხელოვანის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა გერმანული ექსპრესიონიზმისათვის დამახასიათებელმა ბრუტალურობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე, რაც ორიგინალურად არის ასახული მის ნამუშევრებში. არტისტის სტუდია უფლისციხის არქაული მონუმენტურობისა და შთამბეჭდავი პეიზაჟების გარემოცვაშია, სწორედ ეს მოტივები ქმნის ზურა აფხაზის ენას.
"ჩემი შემოქმედების ინსპირაცია ჩემი დაბადების ადგილიდან მოდის. ის ლანდშაფტი, ის ენერგეტიკა ძალიან ძვირფასია ჩემთვის და შემოქმედებაში გამოიხატება. ადრე ფერმწერი ვიყავი, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ შავ-თეთრში ბევრად უფრო საინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლებოდა. მე ვმუშაობ შავი და თეთრი პიგმენტით, რომელსაც მე თვითონ ვამზადებ". - ზურა აფხაზი, მხატვარი.
„სილქ ჰოსფითალითის და სილქნეტის მხარდაჭერით მორიგი გამოფენა გაიხსნა რადისონ ბლუ ივერიას პირველ და მეორე სართულზე. ზურა აფხაზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვანია, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა და ახლა ის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ექსპოზიცია რადისონის საგამოფენო სივრცეებში სამი თვე დარჩება.“ - მარიამ კაკაბაძე, სილქ ჰოსფითალითის არტ კურატორი
“ამ საგამოფენო სივრცისთვის სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები შევარჩიეთ, რადგან გვინდოდა რომ მათ, ვინც ზურას შემოქმედებას არ იცნობს საერთო შთაბეჭდილება შექმნოდათ 90 იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელზე. 2012 წლიდან დედიკას გალერეა ექსკლუზიურად წარმოადგენს ზურა აფხაზის ნამუშევრებს. დღეს ზურას უკვე ყველა იცნობს და მიხარია, რომ სილქ ჰოსფითალითის შემოთავაზების შედეგად, ამ სივრცეშია წარმოდგენილი მისი ნამუშევრები. “ - დედიკა ბულია, Dédicace's Gallery-ს დამფუძნებელი.
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისის“ საგამოფენო სივრცეებში ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენა „Dédicace's Gallery“ „სილქ ჰოსფითალითის“ და „სილქნეტის“ მხარდაჭერით არის წარმოდგენილი.
ექსპოზიცია სასტუმროს სივრცეში ივნისის ბოლომდე დარჩება.