„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ დაფუძნებული ეკო აკადემია ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლს განაგრძობს.

კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა  თერჯოლის სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა.

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით,  აკადემიის წარმომადგენელთა მიერ  რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლების  ეკო კლუბის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ინტენსიური შეხვედრები ცხადჰყოფს, რომ  რეგიონის სკოლების მიერ დაინტერესება საკმაოდ დიდია.

„შეხვედრაზე ტრადიციულად ვისაუბრეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე, სპეციფიკური ნარჩენების მართვასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. გვიხარია, რომ დღევანდელმა სემინარმა სკოლის წარმომადგენლებს გაუჩინა ახალი იდეები, გაუღრმავა ცოდნა და წაახალისა, გააგრძელონ გარემოსდაცვითი აქტივობები”,  - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

შეხვედრაზე აკადემიის მენტორებმა, მოსწავლეებს გარემოსდაცვითი საკითხების, სპეციფიკური ნარჩენების შემცირების, გადამუშავებისა და მართვის,  ეკოლოგიური პრობლემების, ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მასში მოსწავლეები  და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

შეხვედრის დასასრულს, აღნიშნულ სკოლებსა და ეკო აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

შეხვედრის შემდეგ თერჯოლის სკოლის დირექტორმა ფიქრია დემეტრაშვილმა და პედაგოგმა მზია მაკარიძემ, „ნარჩენების  მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელს და მენტორებს, მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს.

ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში „ნარჩენების მართვის  ბიზნეს ასოციაცია“ რეგიონების საჯარო სკოლების, კერძოდ: გორის მუნიციპალიტეტის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალქალაქის და სოფელ იგოეთის საჯარო სკოლების, აგრეთვე თერჯოლის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო  სკოლის, დაბა ბაკურიანის  ეკო კლუბის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრები  გამართა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, ეკო აკადემიის მენტორები  საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან თემატურ ლექციებს თბილისსა და რეგიონებში ინტენსიურად მართავენ.