ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას აქტიურად  განაგრძობს. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე, მრავალბინიანი კორპუსების ტერიტორიებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.  

ამჯერად, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N5ა-ს მიმდებარედ და ტიციან ტაბიძის ქუჩის N39-ში წყლისა და წყალარინების ქსელების მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშ და კორპუსის შიდა ტერიტორიაზე იცვლება მილები, ასევე, მონტაჟდება ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი იგება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი გაეცნო. 

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ.

 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.