ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ მიხედვით, წლის დასაწყისიდან დღემდე, ამორტიზებული ლიფტები 78 მისამართზე განახლდა, 22 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, სარეაბილიტაციო პროექტები მცხეთის ქუჩის N8-ში, ყიფშიძის ქუჩის N16-ში, ასევე, ბაგების N3 კორპუსში, ქავთარაძის N31-ში და ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N7 კორპუსში განხორციელდა. 100 ლიფტის განახლების პროექტებზე, ჯამში, 3 959 024 ლარი გამოიყო.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

