თბილისში ვაკის რაიონის დამეგობრებული პრაღის მეექვსე ოლქის ადგილობრივი მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შედგა. კერძოდ, საქართველოში ჩეხეთის დედაქალაქის ვაკესთან დამეგობრებული რაიონის, პრაღა 6-ის მერი, იაკუბ სტარეკი და მისი მოადგილეები, მარიანა ჩაპკოვა და მარიან ჰოშეკი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს, ვაკის რაიონის გამგებელს, დავით კვინიკაძეს, გაეცნენ საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურებს და მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროექტებზე. გარდა ამისა, სტუმრები ეწვივნენ სამედიცინო დაწესებულებებს, შშმ პირთა დღის ცენტრს, ასევე ადგილზე მიიღეს ინფორმაცია სკოლამდელი განათლების შესახებ და საჯარო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.

აღსანიშნავია, რომ გამგეობის სტრუქტურის პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. გარდა ამისა, დელეგაციამ ჭავჭავაძის გამზირი დაათვალიერა და მის მაგალითზე სატრანსპორტო პოლიტიკას გაეცნო.

ჩეხეთის დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლამდე, გასულ წელს პრაღაში ვაკის გამგებლის, დავით კვინიკაძის სამუშაო ვიზიტი შედგა.