„საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 11,8 პროცენტს შეადგენს. 1 წლის განმავლობაში სიღარიბე 3,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეს თავი დაახლოებით 140,000 - მა ადამიანმა დააღწია. ამ მონაცემს სამწლიან ჭრილში თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ სიღარიბეს თავი 350,000 - ზე მეტმა ადამიანმა დააღწია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. „საქსტატის“ ინფორმაციით, სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიღარიბის ასეთი ტემპით შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც ერთი მხრივ, განაპირობა მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, მეორე მხრივ კი მიზნობრივმა სოციალურმა პოლიტიკამ.

„ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სიღარიბის შემდგომ შემცირებას და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.