თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი წელს პირველად მასპინძლობს საერთაშორისო საზაფხულო კურსს იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც საბალეტო ხელოვნებაში პროფესიული დაოსტატების ამაღლება სურთ.
ინტენსიური საერთაშორისო საზაფხულო კურსის ჩატარების იდეა დიდი ხანია ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ ბალერინას ელენე გლურჯიძეს, რომელიც წლების განმავლობაში ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა იყო.
მას შემდეგ რაც ელენე სცენას დაემშვიდობა, თანამოაზრეებთან ერთად, Masters of Ballet Academy დააარსა. აკადემია წელს ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. თბილისის ინტენსიური საზაფხულო კურსი სწორედ ამ თარიღს ეძღვნება და 10 ივლისს დაიწყება.
„მრავალი წელი მქონდა სურვილი, ქართველი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ბალეტის ხელოვნებას ეუფლებიან, საერთაშორისო ინტენსიური საზაფხულო კურსის გავლის შესაძლებლობა მიმეცა მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავეების, რეპეტიტორების, ხელოვანებისა და ქორეოგრაფების ხელმძღვანელობით. რადგან ბევრი მოსწავლისთვის როგორც მგზავრობა, ასევე სასწავლო კურსები ფინანსური თვალსაზრისით ხელმისაწვდომი არ არის, ყველა ღონე ვიხმარე, რომ ეს კურსი მათთვის აქ, ჩემს სამშობლოში ჩამეტარებინა“ - ამბობს ელენე გლურჯიძე.
პროექტი, რომელშიც 120-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
კურსის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი პედაგოგების – ელენე გლურჯიძის, ოლგა სემენოვას, ნინო ანანიაშვილის, სტანისლავ ფეკოს, ვასილი მედვედევის, სარა ნაითის, ვლადა კოტერის, ვივიან ტრიანტაფილოპულოს მასტერკლასებში. კურსის მონაწილეთათვის სპეციალურად დაიდგმება საჩვენებელი სპექტაკლი, რომელსაც 19 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგენენ.
Masters of Ballet Academy-ის კურსები მსოფლიოში ათასობით მოზარდმა გაიარა. წელს პირველად კი მასში მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის აღსაზრდელებიც.
„ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა ელენე გლურჯიძე „მომნუსხველი და არაჩვეულებრივად ლამაზი შემსრულებელი იყო“, - წერს გაზეთი „The Observer“-ი. როგორც ელეგანტურობით გამორჩეულ მოცეკვავეს, მას ძალიან ფართო რეპერტუარი ჰქონდა. არის ჭკვიანი და შრომისმოყვარე, ამასთან კომპეტენტური ადმინისტრატორი და საუკეთესო მენეჯერი. ელენე ყოველთვის ორიენტირებული იყო პრობლემების გადაჭრაზე; ის იყო შემოქმედი, რომელიც წარმატებისკენ მიისწრაფოდა; ღია და ემპათიური, რაც მის გარშემომყოფებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელმძღვანელობს, ძლიერ მოტივაციას აძლევს. სულ ახლახან მან ლონდონში ბალეტის აკადემია დააარსა, რომელიც თავდაჯერებული, ფრთხილი, გონიერი და ეფექტიანი სტილით გამოირჩევა. ეროვნებით ქართველი ელენე თბილისში დაიბადა. ამჟამად ის ლონდონში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ელენე თანამედროვე ქართველი შემოქმედების ახალი თაობის წარმომადგენელია. ქართული კულტურის მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის აღიარების ნიშნად, მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატიო სიგელი გადასცა.