საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ფაქტს.
სემეკში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის შესწავლა, რათა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა.
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, შპს „მამედის“ სალიცენზიო არეალში (სოფელი ყიზილ-აჯლო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სემეკის მიერ დადგენილია 47 თეთრიანი ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული ტარიფი სრულად მოიცავს სოციალური გაზის ღირებულებას (36.7 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), აგრეთვე ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ხარჯს.
მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში სოციალური გაზის ღირებულება სრულად არის ასახული, თუმცა შპს „მამედი“ არ ეთანხმება სოციალური გაზის შესასყიდ ფასს, არ იხდის დაგროვილ დავალიანებას, რამაც გამოიწვია შპს „მამედისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა.
გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავს სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ.

