"ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. ევროკომისიის ბოლო ანგარიშით, თუ შევადარებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა, 2026 წლის პროგნოზით კი - პირველზე. - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას.
ასევე, პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. თუ შევადარებთ ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-6, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, მთავრობის ვალის სიმცირით საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-7 და კანდიდატ ქვეყნებში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებითაც წესრიგშია“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
პაატა კვიჟინაძემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ მხრივ პრობლემა არსებობს, რის მიზეზებზეც ისაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს, თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„შესაბამისი დავალებები გაცემულია და დასახულია პრობლემის მოგვარების გზები“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
დღეს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის 2025 წლის შესრულების ანგარიში დაამტკიცა.

