წინანდლის მამულში  კულტურული ღონისძიებები გრძელდება. საფესტივალო მუსიკალური დღეების პარალელურად, რომლის ტრადიციული წარმდგენი კომპანია სილქნეტია, ჭავჭავაძეების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილი რეტროსპექტივა რუსთაველის ეროვნული თეატრის კოლექციის ნაწილია და შემოქმედის  130 წლის იუბილეს ეძღვნება. 

მაია კოკოჩაშვილი - წინანდლის მუზეუმის დირექტორი:

“წინანდალში შემოდგომის სეზონი ირაკლი გამრეკელის გამოფენით გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი სცენოგრაფის, ქართული თეატრის სცენოგრაფიის ფუძემდებლის შემოქმედება მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიფინა. ექსპოზიცია, რომელიც 20-მდე ნამუშევარს , მათ შორის მაკეტებს მოიცავს, მუზეუმის სტუმარს უფრო ახლოს გააცნობს მის შემოქმედებას.”

თეატრისა და კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი ირაკლი გამრეკელი ქართული ავანგარდული ხელოვნებისა და დიზაინის ისტორიაში თვალსაჩინო ფიგურაა. მისი, როგორც ფუტურისტისა და კონსტრუქტივისტის, ფერწერა და გრაფიკა ექსპრესიონიზმისა და art nouveau-ს ნიშნებსაც ავლენს. გამრეკელის მხატვრული მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალმხრივია. როგორც ქართული სასცენო დიზაინის რეფორმატორი, იგი თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან და სანდრო ახმეტელთან; იყო ფუტურისტების ჟურნალის „H2SO4“, ასევე იონა ვაკელის, გრიგოლ რობაქიძის, სიმონ ჩიქოვანის წიგნების დიზაინერი. 

გამრეკელის მოღვაწეობის ძირითად სფეროს  სასცენო დიზაინი წარმოადგენს. მხატვარი თანამშრომლობდა არაერთ თეატრთან, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. აგრეთვე თბილისის კინოსახლთან, სადაც მის გამორჩეულ ნამუშევრებს წარმოადგენს მხატვრული ფილმები „არსენა“ და „გიორგი სააკაძე“. 1928 წელს მხატვარ ვალერიან სიდამონ-ერისთავთან ერთად იმუშავა კოტე მიქაბერიძის ექსპრესიონისტულ ფილმზე „ჩემი ბებია“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცენზურის ქვეშ იყო მოქცეული.

ბელა ჭუმბურიძე - რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელი:

“ამ სახით, ამ ექსპოზიციით პირველად გამოიფინა ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები წინანდალში. ეს ფასდაუდებელი მასალაა, სადაც კარგად ჩანს სხვადასხვა ეპოქის კვალი. მხატვრის 20-30-იანი წლების ნამუშევრები, განსხვავდება 40-იანი წლებში შესრულებული სოცრეალიზმის მიმდინარეობისგან. ეპოქას უდიდესი გავლენა აქვს კულტურასა და ხელოვნებაზე.  ”

გამოფენა ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს მუზეუმის სტუმრებს.
წინანდლის მამულში საგამოფენო სერიების ტრადიციული წარმდგენი  სილქნეტია.  კომპანიის მხარდაჭერით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა არაერთ გამოფენას უმასპინძლა. გასულ სეზონზე აქ აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის და  გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის გამოფენები გაიმართა. წელს საგამოფენო სეზონი ლია ბაგრატიონის ინსტალაციებით გაიხსნა. ღონისძიებების მასპინძელია „სილქ-ჰოსფითალითი“.