გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები დაფიქსირდა შუახევის, ქედის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 109 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), მათგან 4 ერთეული „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის მორი, 11 კუბური მეტრი საშეშე მასალა და 27 ერთეული მოჭრილი, დაუმუშავებელი მურყანი (თხმელა).
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2025 წელს, მხოლოდ აჭარასა და გურიაში, უკანონო ტყითსარგებლობის 380 ფაქტია გამოვლენილი. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 67 ფაქტი შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 17 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

