სპორტული ღონისძიებებით დახუნძლული ზამთრის სეზონი გველოდება. გუდაური და ბაკურიანი,  FIS-ის ეგიდით, მსოფლიო თასის 3 შეჯიბრს  დეკემბერსა და მარტში უმასპინძლებს. ესაა მოგულის, სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის დისციპლინები. კურორტები დამატებით ახალი სასრიალო ტრასებით ხვდება სეზონს. მოთხილამურეები აჭარიდან, სვანეთიდან, გუდაურიდან, ბაკურიანიდან და თბილისიდან, საქართველოს თასის ეტაპებისთვის ემზადებიან, რომელიც საქართველოს მთიან კურორტებზე რამდენიმე ეტაპად გაიმართება. 

ასევე, 2025 წლის 9-16 თებერვალს, საქართველოში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (EYOF) ჩატარდება, რომელსაც  ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს, სადაც საქართველოს მოთხილამურეთა ოლიმპიური ნაკრები იასპარეზებს. 

10-16 თებერვალს ავსტრიის კურორტ ზაალბახში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც  სამთო-სათხილამურო ნაკრები იასპარეზებს, 18-30 მარტს შვეიცარიის კურორტ ენგადინში კი ფრისტაელის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო,  სხვადასხვა სახეობაში, ნაკრებით  წარდგება.

17-20 დეკემბერს იტალიის კურორტ კრონპლაცში საქართველოს ეროვნული და იუნიორთა ჩემპიონატი ჩატარდება, 27 თებერვალს კვლავ საქართველოს ჩემპიონატს იტალიის კურორტი დობიაკო უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს იტალიაში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი შეჯიბრი ისევ კრონპლაცში გაიმართება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია კი გუდაურში  4-6 აპრილს საქართველოს ჩემპიონატს გამართავს. 

საქართველოს კურორტებზე უკვე ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებები და  ჩვენი ქვეყანა FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის გვერდით იკავებს ადგილს. ეს მნიშვნელოვანი გარღვევა საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებამ განაპირობა.  ბაკურიანში, 2023 წელს,  პირველი ისტორიული ჩემპიონატის წარმდგენი კომპანია სილქნეტი იყო, რომელიც მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უჭერს მხარს ზამთრის სპორტის განვითარებას საქართველოში. ამ უწყვეტმა თანადგომამ ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის მომავალი განსაზღვრა. 

დღეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილ ინფრასტრუქტურას გათოვლიანების სისტემებს, უახლეს საბაგიროებს, სპეციალურ საშეჯიბრო არეალებს ყოველწლიურად  ახალი ტრასებიც ემატება. ქართველ სპორტსმენებს  აქვთ შესაძლებლობა სათანადოდ მოემზადონ და გაიტანონ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ.  ქვეყანას ტურიზმის, ზამთრის სპორტის მიმართულებით განვითარების  და მთის  პოტენციალის სწორად გამოყენების პერსპექტივა უჩნდება.