საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს, ჭანგ თაოს შეხვდა. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი სწრაფად მზარდია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. აღინიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. კერძოდ, მინისტრის თქმით, 2021-2025 წლებში ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა და ეს დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.

თავის მხრივ, ჭანგ თაომ მარიამ ქვრივიშვილთან საუბრისას საქართველოს მიღწევები და ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი დადებითად შეაფასა.

ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.