საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და პირადად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
„სასიხარულოა, რომ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტის საპატიო თანამდებობაზე პირველად დასახელდა საქართველოს წარმომადგენელი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერ-ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. ვულოცავთ მეგობარი უნივერსიტეტის რექტორს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მილოცვაში.
თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად ბუქარესტში (რუმინეთი) გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით აირჩიეს.