ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 122-ე საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კოლუმბიაში, კარტახენაში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიმდინარე სხდომას ესწრება.
122-ე საბჭოს სხდომა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.
ღონისძიებას ესწრებიან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის მიმდინარე და შემდგომი საქმიანობა განიხილება.
საბჭოს სხდომას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.
ღონისძიების ფარგლებში თემატური სადისკუსიო პანელები ტარდება, სადაც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს, განიხილება ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდები, ზრდის დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.
122-ე საბჭოს სხდომის ფარგლებში ტურიზმის გლობალური ინვესტიციებისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს საშუალება ჰქონდათ მიღწევების შესახებ გამოცდილება გაეზიარებინათ.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.