საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 21-27 ივნისს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე საქანიმას, სახელმწიფო პროგრამასთან “გადაიღე საქართველოში” და “შემოქმედებით საქართველოსთან" ერთად ქართული ანიმაციის ეროვნულ სტენდს წარმოადგენს. ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 5 პროექტია წარდგენილი.
ანესის ფესტივალზე წარმომადგენლობითი მონაწილეობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს ქართული ანიმაციის მზარდ საერთაშორისო აღიარებასა და რეგიონული ანიმაციური ინდუსტრიის დინამიურ განვითარებას.
ფესტივალზე წარდგენილ ქართულ პროექტებს შორისაა “ბიჭუნა და კარალიოკის ხე” (ლინა აქულაშვილი). თოჯინური მოკლემეტრაჟიანი ფილმი “როცა ზღვა იყო მშვიდი” მონაწილეობას იღებს მთავარ კონკურსში; სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტი “იგი”, რომელიც განვითარების სტადიაში მყოფი პროექტების პრეზენტაციის სექციაში შეირჩა; კომერციული ფილმების საკონკურსო სექციაში მოხვდა დიზაინის და ანიმაციის სკოლა DAS-ის მიერ შექმნილი სარეკლამო ნამუშევარი; სტუდენტური პროქტი “როგორ დავიჭიროთ ქარიშხალი” კი ანიმაციური სკოლების პროექტების პრეზენტაციის სექციაში იქნება წარმოდგენილი.
როგორც რეჟისორმა მამუკა ტყეშელაშვილმა (,,როცა ზღვა იყო მშვიდი") აღნიშნა, უკვე გაიმართა მისი ფილმის რამდენიმე ჩვენება, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. “მაყურებელმა განსაკუთრებული ემოციებით მიიღო ფილმი, დაგვისვეს უამრავი კითხვა. ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და, რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, ჩვენებებს ახალგაზრდების დიდი რაოდენობა ესწრებოდა”,-აღნიშნა რეჟისორმა.
ანიმატორმა ლინა აქულაშვილმა (“ბიჭუნა და კარალიოკის ხე”) 2025 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო საქანიმას მიერ ორგანიზებულ შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური პროექტების განვითარების პროგრამაში, რის შემდეგაც მოხდა მისი პროექტის წარდგენა ანიმაციის ფესტივალზე. “ჩემი ფილმი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებულია. ამისთვის დიდი მადლობა კინოცენტრს. ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველო წარმოდგენილია ეროვნული სტენდით, სადაც ჩვენ გვაქვს საშუალება საერთაშორისო კონტაქტები დავამყაროთ და გავაფართოვოთ პროფესიული თანამშრომლობა”,-განაცხადა ლინა აქულაშვილმა.
"MIFA-ს ფარგლებში საქანიმამ წარადგინა სპეციალური პროგრამა „შავი ზღვის ანიმაცია“, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ხუთი სხვადასხვა ქვეყნის (უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო) ხუთ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ პროექტს აერთიანებს. აღნიშნული პროექტები შავი ზღვის ანიმაციური პროექტების განვითარების ვორქშოფი 2025-ის გამარჯვებულები არიან და წარმოაჩენენ ახალ ტალანტებსა და რეგიონულ თანამშრომლობას შავი ზღვის ქვეყნებს შორის," - განაცხადა საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარიამ კანდელაკმა.
საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ კანდელაკი წელს ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრად შეირჩა, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ანიმაციის პროფესიონალების აღიარების მნიშვნელოვანი ნიშანია.
ანესზე წარდგენილი ხუთივე შერჩეული პროექტი შექმნილია იმ ავტორების მიერ, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ “ანესი–საქართველო” ანიმაციური პროექტების განვითარების ვორქშოფში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ქართული ანიმაციის მხარდაჭერისა და საერთაშორისო განვითარებისთვის.

