პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა.
კანონის პროექტით ზუსტდება „სარკინიგზო ლიანდაგის“ განმარტება და კოდექსს ემატება ახალი ცნება - „მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი“, რომელიც გულისხმობს სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელებს, რკინიგზის სადგურებს ან/და საზღვაო ნავსადგურებს შორის ტვირთის გადაზიდვისთვის ან/და მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სარკინიგზო ლიანდაგს.
პროექტით ასევე დგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში არსებული მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის გასხვისების შეზღუდვა, გარდა აღნიშნული ქონების სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შეტანის შემთხვევისა.
კანონპროექტს პარლამენტის 81-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

