კომპანია „მოლდოვაგაზმა“, მარტში, სამთვიანი შესვენების შემდეგ, რუსული „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვა განაახლა, ამის შესახებ გაზის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩებანმა განაცხადა.

"მოლდოვაგაზმა" დეკემბერში გამოაცხადა, რომ გაზს შეიძენს ორი წყაროსგან: "გაზპრომისგან", ასევე სახელმწიფო საწარმო "ენერგოკომისგან".

ამავდროულად, როგორც რესპუბლიკის ხელისუფლებამ განმარტა, დნესტრის მარჯვენა სანაპიროს, გაზი "გაზპრომის" ალტერნატიული წყაროებიდან მიეწოდება, ხოლო რუსეთიდან მიღებული გაზის მთელი მოცულობით დნესტრისპირეთი მარაგდება.

ამგვარად, მოლდოვამ მთლიანად უარი თქვა რუსული გაზის მოხმარებაზე და მის მთელ მოცულობას, 5,7 მილიონ კუბურ მეტრს, დნესტრისპირეთში გზავნის. იქ ის ასევე, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლადაც გამოიყენებოდა.  გამომუშავებული ელექტროენერგია მოლდოვას, რუმინეთში შეძენილზე დაბალ ფასად მიეწოდებოდა. ამან მომხმარებლისთვის ტარიფების შემცირება გახადა შესაძლებელი. მოლდოვა ასევე მოიხმარდა "ენერგოკომის" მიერ, საფონდო ბირჟაზე შეძენილ და რუმინეთსა და უკრაინაში შენახულ გაზს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბუნებრივი აირის მოხმარება დნესტრისპირეთში შემცირდა და კიშინიოვმა გადაწყვიტა, საწვავის ნაწილი რესპუბლიკაში გაეგზავნა, განმარტა ჩებანმა.

"ამ ვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ სს "გაზპრომის" და "ენერგოკომის" მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი თითქმის იდენტურია, სს "მოლდოვაგაზი", 2023 წლის მარტის ბოლომდე, თავისი მომხმარებლებისთვის, "გაზპრომისგან" ყოველდღიურად დაახლოებით 0,7-0,8 მლნ კუბურ მეტრს შეისყიდის, ხოლო "ენერგოკომისგან" დაახლოებით 1,3-1,5 მლნ კუბურ მეტრს“, - განაცხადა ჩებანმა.

მოლდოვაში ენერგეტიკული კრიზისი 2021 წელს დაიწყო და უკრაინის ომის, საწვავის ფასების ზრდისა და "გაზპრომთან" დაძაბულობის ფონზე გამწვავდა.  დეკემბრის ბოლოს, რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ მოლდოვა, ისტორიაში პირველად, რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იყო.