„ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულ და მკაფიო პოლიტიკას ატარებს, რომლის ფარგლებშიც ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა, საერთაშორისო ავტომაგისტრალები და ლოგისტიკური ცენტრები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, ნავსადგურის განვითარების პროექტის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ ხედვის ნაწილია როგორც ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარება, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის განვითარება.
„დღევანდელი ინვესტიცია ნიშნავს მეტ ტვირთს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ აქტივობასა და საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ პოზიციას რეგიონულ და გლობალურ ვაჭრობაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი აშშ დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი.
პროექტის განვითარების მეორე ეტაპზე დამატებით, 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

