ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკის, ტრანსპორტის (სამოქალაქო ავიაცია, რკინიგზა) და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
უწყვეტი სატვირთო თუ სამგზავრო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტის სფეროში არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და ერთობლივ ძალისხმევას.
ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი დინამიური თანამშრომლობა დადებითად აისახება სატრანსპორტო მაჩვენებლებზე.
ყურადღება დაეთმო საავიაციო სექტორსაც - საქართველო-სომხეთს შორის 2026 წლის იანვარ-ივლისში პირდაპირი რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 36%-ით გაიზარდა. საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით დღეისთვის ორ ქვეყანას შორის კვირაში, ჯამურად, 12 პირდაპირი რეისი სრულდება. მხარეებმა ასევე განიხილეს ქუთაისის აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყების საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.