საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის — China Energy Engineering Corporation International Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ციაო სიუპინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის მზარდ როლს და ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნები.
განიხილეს განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.
"CEEC International Group" პროექტებს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში მართავს.