საჯარო განცხადებებში ანტირუსულმა, მაგრამ ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს, რუსულ კომპანიას და ასევე დააკისრა, თავისივე გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის გადახდა საკუთარ მოსახლეობას, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელისუფლებამ თქვა უარი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

„ასევე, მათ მიმართ გამოიცა მთავრობის განკარგულება, სადაც მთავრობა შეჰპირდა რუსულ მხარეს, რომ გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადით დააკომპენსირებდა მათ მიერ გადახდილ თანხებს და, რასაკვირველია, ეს ტვირთად დააწვებოდა საქართველოს მოსახლეობას – გაეზრდებოდა ელექტროენერგიის გადასახადი. ამაზე უარი თქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. პირველი იმიტომ, რომ მთავრობას საერთოდ არ აქვს კომპეტენცია, დაადგინოს ასეთი ტარიფი, ეს არის სემეკ-ის დასადგენი.

სემეკ-მა დაადგინა ტარიფი, რომელიც იყო სამართლიანი და არ მოდიოდა თანხვედრაში რუსული მხარის ინტერესებთან, რის გამოც საქმე წავიდა არბიტრაჟში.

იუსტიციის სამინისტროს ძალიან აქტიურმა ჩართულობამ და ბრძოლამ გამოიღო შედეგი, რომ დღეს „ინტერრაოსთან“ გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მინიმალური, შეიძლება ითქვას, ნულოვანი ეფექტი ექნება გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ეკონომიკაზე. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აქ ცალსახაა, რომ საჯარო განცხადებებში ანტირუსულმა, მაგრამ ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა ხელისუფლებამ, გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს, რუსულ კომპანიას და, თავისივე გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის გადახდა დააკისრა საკუთარ მოსახლეობას, რაზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თქვა უარი“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.