კანადის მთავრობამ ციფრული უსაფრთხოების კანონპროექტი წარადგინა, რომელმაც შესაძლოა 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის ანგარიშების ქონა აუკრძალოს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის პარლამენტში ოთხშაბათს შევიდა, გამონაკლისს უშვებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ მათი პლატფორმები უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუ რას მოიცავს ეს კრიტერიუმები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს შვილებს. საკმარისია... ჩვენ გვჭირდება საბაზისო დაცვის მექანიზმები", - განაცხადა კანადის კულტურის მინისტრმა, მარკ მილერმა.
კანონპროექტი მავნე კონტენტის შვიდ კატეგორიას მოიცავს:
კონტენტი, რომელიც ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენს ან ხელახლა აყენებს ტრავმას მსხვერპლს;
კონტენტი, რომელიც ბავშვებს თვითდაზიანებისკენ უბიძგებს;
კონტენტი, რომელიც ბავშვის ბულინგისთვის გამოიყენება;
კონტენტი, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს;
კონტენტი, რომელიც ღვივებს სიძულვილს;
ტერორისტული ან ძალადობრივი ექსტრემისტული კონტენტი;
ინტიმური ფოტოები/ვიდეოები, რომლებიც უნებართვოდ არის გავრცელებული.
Reuters-ის ცნობით, კანონმდებლობის მიღებას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი მარეგულირებლის ,"კანადის ციფრული უსაფრთხოების კომისიის", შექმნას, რომელიც ახალ კანონმდებლობას აღასრულებს და მის დაცვას უზრუნველყოფს. მარეგულირებელი ასევე დაადგენს უსაფრთხოების მოთხოვნებს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებისთვის.
ოფიციალური პირების განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ, ციფრული მარეგულირებლის ასამუშავებლად 18 თვე იქნება საჭირო.
წესების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიებს შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა გლობალური შემოსავლის 3%-ის ან 10 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 6.2 მილიონი ევრო / 7.2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით — იმის მიხედვით, თუ რომელი თანხა იქნება უფრო მეტი.

