პეკინში, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების დინამიკასა და ამ პროცესში თანამედროვე სერვისების ინტეგრირების აუცილებლობაზე.
„ბოლო წლების განმავლობაში, შუა დერეფნის სატრანსპორტო მნიშვნელობის ზრდის პარალელურად, დღის წესრიგში დგება შესაბამისი მომსახურების მიწოდების საკითხი, როგორც სატრანსპორტო, ისე ლოგისტიკური და სასაწყობო მიმართულებებით. ეს ასევე მოიცავს საფინანსო და ციფრულ სერვისებს. შესაბამისად, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი, სწორედ ამ სფეროშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
CIFTIS მომსახურებით ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.
წლევანდელი გამოფენის თემაა „გლობალური მომსახურებები, საერთო კეთილდღეობა“. ღონისძიებაში წარმოდგენილია 90 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო ადგილზე მონაწილეობას 1,800-ზე მეტი კომპანია იღებს.