ჩვენი საგადასახადო სისტემა რომ ავიღოთ გვაქვს ყველაზე დაბალი გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საგადასახადო ტვირთი საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებია, შესაბამისად, გაურკვეველია, საიდან შეიძლება მოდიოდეს ამხელა ფასნამატები, უხეშად ვიტყოდი, რომ სადღაც 25 %-იანი შემცირების რესურსი მაინც უნდა არსებობდეს საერთო ანალიზიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით დღეს რუსთავი 2-ის ეთერში შედგება დეტალური მსჯელობა.
„ჩემს ვიდეოში დეტალურად წარვადგინე ფასები როგორც ევროპის, ისე საქართველოსი და ვნახეთ, რომ ფასებს შორის არის არსებითი სხვაობა. ანუ რაღაც, რაც ღირს ევროპაში უფრო იაფი, ის ღირს საქართველოში მაგალითად 50 %-ით ძვირი. ყველა პროდუქტს ეხება ეს ძირითადი სასურსათო კალათიდან - ბრინჯსაც, ზეთსაც, კარაქსაც, რძის პროდუქტებსაც. უკლებლივ ყველა შემთხვევაში, ევროპაში არის უფრო დაბალი ფასები და აქ არ ვფიქრობთ, რომ ლოგიკურია ის მოცემულობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული.
რაც შეეხება ფასწარმოქმნას, ჩვენ ვთქვით, რა ქმნის მაღალ ფასებს. ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე არის 46 % და შემდეგ უკვე ქსელური მარკეტების დონეზე არის 29 %, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია და ჯამურად ეს გამოდის 86 %. ანუ დისტრიბუცია + ქსელური მაღაზიები.
რაც შეეხება გადასახადებს, მე მოვისმინე ერთ-ერთი ე.წ. ექსპერტი, თუ სფეროს წარმომადგენელი გამოდიოდა და აცხადებდა, რომ 2 მიზეზი ჰქონდა ფასების ზრდას, ერთი თქვა სახელმწიფო გადასახადები და მეორე თქვა პარკინგი. პარკინგი ვიანგარიშეთ და მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუტორებს, მწარმოებლებს გამოწერილი აქვთ 600 000 ლარის პარკინგის ჯარიმა. საქართველოს მოსახლეობაზე, ერთ სულ მოსახლეზე რომ იანგარიშო, ეს ყველაფერი გააძვირებდა 15 თეთრით წელიწადში ფასებს თითოეული მოქალაქისთვის. ნეტავ 15 თეთრით აძვირებდნენ ფასებს, წელიწადში 15 თეთრზეა საუბარი. ამის შემდეგ სერიოზულად როგორ შეიძლება უსმინო ასეთ ადამიანს, რომელიც აცხადებს, რომ 600 000 ლარის წლიური ჯარიმები განაპირობებს ფასების ზრდას. 1 ადამიანზე არის 15 თეთრი წელიწადში. არასერიოზულია ხომ, ეს პირველი არგუმენტი უკვე ჩანს, რომ არაფერ შუაში არ არის ფასების ზრდასთან.
რაც შეეხება გადასახადებს, მთლიანობაში, ჩვენი საგადასახადო სისტემა რომ ავიღოთ გვაქვს ყველაზე დაბალი გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. 24 %-ია ეკონომიკასთან მიმართებით მთლიანი საგადასახადო წილი, მაშინ როდესაც, ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი მერყეობს 30 %-იდან და ზოგან ადის 40 %-ზე მაღლა, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში, ანუ საგადასახადო ტვირთი საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებია. გარდა ამისა, რომ ავიღოთ ქსელური მარკეტები, იჯარის ფასი, შესყიდვის ფასი, ხელფასები და ა.შ. ყველა კომპონენტში აქვთ უფრო დაბალი დანახარჯები. ერთადერთი რჩება საბანკო კრედიტის პროცენტი, სადაც არის უფრო მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს არის მხოლოდ საბანკო კრედიტი. ყველა დანარჩენი პარამეტრით ნაკლები ტვირთი აქვს დისტრიბუციასაც და ქსელურ მარკეტებსაც, მათ შორის, გადასახადების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაურკვეველია, საიდან შეიძლება მოდიოდეს ამხელა ფასნამატები. უხეშად ვიტყოდი, რომ სადღაც 25 %-იანი შემცირების რესურსი მაინც უნდა არსებობდეს საერთო ანალიზიდან გამომდინარე, ეს არ არის ზოგადი ინტუიტიური შეგრძნება, იმ ანალიზიდან გამომდინარე, ფაქტობრივი მონაცემების შედარების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ დაახლოებით 25 %-იანი კლების რესურსიც კი არსებობს. დღეს გვექნება ამ თემებთან დაკავშირებით უფრო დეტალური მსჯელობა რუსთავი 2-ის ეთერში,“- განაცხადა პრემიერმა.

