სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7 პროცენტი — ტრანზიტზე.
საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.0 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.0 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 20.8 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო, ჯამურად, 38.7 პროცენტი.
2026 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 9.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 8.9 პროცენტისას — სომხეთი, 8.6 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო, ჯამურად, 72.7 პროცენტი.
2026 წლის პირველ კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 7.6 პროცენტი — ჩინეთი, 7.5 პროცენტი — თურქეთი, 4.4 პროცენტი — ნიდერლანდები, 2.8 პროცენტი — უკრაინა, 1.4 პროცენტი — იტალია, 1.0 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 33.4 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 23.9 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.3 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე. 2026 წლის პირველ კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 63.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 17.8 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 13.7 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (52.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12.9 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.5 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (6.9 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (3.6 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (38.5 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.7 პროცენტი), ძირითადი ლითონები (12.7 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6 პროცენტი).
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 76.2 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (34.6 პროცენტი), კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (31.6 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (10.0 პროცენტი).
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 301.8 ათასი მგზავრი, რაც 13.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 68.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 13.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2026 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 298.0 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.7 პროცენტს შეადგენს და 13.8 პროცენტით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.8 ათასი მგზავრი, რაც 26.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 73.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 26.9 პროცენტი (2026 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).

