8 ივლისს, ლონდონში, UK Sommelier of the Year 2025 ღონისძიების ფარგლებში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2025 გამარჯვებული ქართული ღვინოების გამოფენა გაიმართება.

კონკურსის გამარჯვებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი  ქართული ღვინოები ლონდონში უკვე მეორედ იქნება წარდგენილი. პირველად, 2024 წლის მაისში, London Wine Fair-ის ღონისძიებაზე IWSC-მა 100-ზემეტ მედალოსან ღვინოს უმასპინძლა. მნიშვნელოვანია, რომ  წარმოდგენილი ნიმუშები კონკურსში მიღებული მაღალი შეფასებების მიხედვით შეირჩა. გამოფენა-დეგუსტაციის ფარგლებში დამსწრეებმა ქართველი მეღვინეების მიერ შექმნილი პრემიუმ ღვინოები დააგემოვნეს.ღონისძიების ფარგლებში  IWSC-მა ორ საგანმანათლებლო დეგუსტაციის სესია გამართა, რომელსაც ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა. ქართული ღვინის გაცნობასა და შეფასებას სხვადასხვა ქვეყნიდან 60-ზე მეტი ბაიერი და ასობით სტუმარი დაესწრო.


UK Sommelier of the Year 2025-ის შესახებ

წელს, საქართველოში ჩატარებული კონკურსის IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ს გამარჯვებული ღვინოები IWSC-ის ექსკლუზიურ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

UK Sommelier of the Year დიდი ბრიტანეთის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც აფასებს სომელიეთა პროფესიონალიზმსა და უნარს ქვეყნის მასშტაბით. მას ყოველწლიურად ესწრება ღვინის ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები: ბაიერები, სომელიეები და ღვინის მაგისტრები.

ქართული ღვინის სივრცის მოწყობა ამ მასშტაბის ღონისძიებაზე უპრეცედენტოა და წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქართული მეღვინეობის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.
ღონისძიებაზე ქართული ღვინოების ტრანსპორტირებასIWSC-ის ლონდონის მისამართზე  ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.