ევროკავშირის ციფრული მონაცემების დაცვის კომისიამ სოციალურ ქსელ TikTok-ს 367 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა. ევროკავშირი დამატებით 22 კანონდარღვევასთან დაკავშირებით აწარმოებს გამოძიებას და მოსალოდნელია, რომ TikTok-ს დამატებით სხვა ჯარიმებიც დაუწესდეს.

მარეგულირებლის განმარტებით, კომპანია აქტიურად არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვის შესახებ.

გარდა ამისა, TikTok-ზე რეგისტრირებული არასრულწლოვანი მოქალაქეები და ბავშვები მარტივად ახერხებენ ასაკთან შეუსაბამო კონტენტის ნახვას. TikTok-ის ალგორითმი ბავშვებს და ზრდასრულ მომხმარებლებს ერთნაირ კონტენტს სთავაზობს, რაც არასრულწლოვანების ფსიქიკაზე ნეგატიურად შეიძლება, აისახოს.

გამოძიებამ აგრეთვე დაასკვნა, რომ TikTok-ის სისტემა არასრულწლოვანების პირად ანგარიშებს ავტომატურად ანიჭებდა „საჯაროს“ სტატუსს, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ მიერ განთავსებული ვიდეორგოლები ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ევროკავშირი მოითხოვს, ბავშვების ანგარიშებს „დახურულის“ სტატუსი მიენიჭოთ, რათა შემცირდეს ბულინგის რისკები, რაც TikTok-ის შემთხვევაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

თავად კომპანიის წარმომადგენლობა ბრალეულობას არ აღიარებს და მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.