საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პოზიტიური ნაბიჯები გადადგა – დაინიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ასევე საბჭოში შეივსო ვაკანტური ადგილები, საბჭოში ასევე ჰყავთ აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველა ის ღონისძიებაა, რასაც სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკისგან ითხოვდა.

„ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერესი ახალი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით იყო გამოხატული. მაგრამ ოფიციალური თხოვნა ჯერ არ მიგვიღია. პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ჩართულობას სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის ტექნიკური დახმარება, ასევე ვაგრძელებთ ეკონომიკაზე დაკვირვებას, რასაც ჩვენს წევრ ყველა ქვეყანაში ვახორციელებთ. ეროვნულმა ბანკმა გადადგა პოზიტიური ნაბიჯები – დაინიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ასევე სებ-ის საბჭოში შეივსო ვაკანტური ადგილები, საბჭოში ასევე ჰყავთ აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა. ეს არის ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენ ვითხოვდით, რომ შეესრულებინა ეროვნულ ბანკს. კიდევ რა არის გასაკეთებელი?! მაგალითად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა ტექნიკური დახმარების მისია, რომ შეფასებულიყო უკვე გადადგმული ნაბიჯები და განსაზღვრულიყო, რა დამატებით რეფორმებს ვურჩევთ. ეს მისია მიმდინარე კვირაში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გადაიდო. ახალი თარიღი ჯერ არ დადგინდა, თუმცა მისი მიზანი სწორედ მიღწეული პროგრესის შეფასება და შემდგომი საჭირო რეფორმების განსაზღვრა იქნება. გადადების მიზეზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ჩინეთში გამგზავრება გახდა“, – განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.