დიდი ბრიტანეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და სხვა მსოფლიო კრიზისების ფონზე თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. დაახლოებით 5 მილიარდი ფუნტი მომდევნო ორი წლისთვის გამოიყოფა, მათ შორის 3 მილიარდი ფუნტი ბირთვულ შეკავებაზე და აშშ-სთან და ავსტრალიასთან სამხედრო ბლოკზე (AUKUS) დაიხარჯება. ამის შესახებ რიში სუნაკმა განაცხადა.

დაახლოებით 1.9 მილიარდი ფუნტი საბრძოლო მასალის არსენალის შევსებაზე დაიხარჯება, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინის სამხედრო დახმარების გამო. დიდი ბრიტანეთი კიევისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია.

"რადგან მსოფლიო ნაკლებად სტაბილური ხდება და ქვეყნებს შორის მეტოქეობა გაძლიერდება, დიდი ბრიტანეთი მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის", - თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანისს შეხვდება.

სუნაკის თქმით, 2025 წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-იდან 2.25%-მდე გაიზრდება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3%-მდე ზრდა მოითხოვა.